კრემლის გზავნილების გამავრცელებლები საქართველოში

7 დეკემბერი 2015 Shadow

სტატია გამოქვეყნებულია "Jam-news Platform Caucasus"-ის საიტზე. ავტორი: დათო ყანჩაშვილი

მასალაში გამოყენებულია: მედიის განვითრების ფონდისა და www.damoukidebloba.com-ის მიერ ჩატარებული კვლევები.  

 

მოსაზრება: რუსეთი საქართველოს საინფორმაციო სივრცეს როგორც უშუალოდ საკუთარი მედია-პროექტების, ასევე ადგილობრივი მედიის საშუალებით აკონტროლებს. სწორია თუ არა ეს მოსაზრება?


დასკვნა: ნაწილობრივ სწორია. საქართველოში არის მინიმუმ ერთი ტელევიზია, ორიოდე ინტერნეტ ტელევიზია, რამდენიმე ვებ-გვერდი და მინიმუმ ორი ბეჭდური გამოცემა, რომლებიც გამოკვეთილად და თანმიმდევრულად ანტიდასავლურ რიტორიკას ტირაჟირებენ, ინფორმაციის გავრცელებისას, ძირითადად, რუსულ მედია- წყაროებს ეყრნობიან და ამით არაპირდაპირ რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ.

ანალიზი:


ვებ-სივრცე

. საქართველოში, ქართულ ენაზე მხოლოდ ერთი რუსული მედია-პროექტი მოქმედებს. ეს არის - “სპუტნიკ-ჯორჯია”. “სპუტნიკი” რუსული პროპაგანდის მთავარი მულტიმედიური პროექტია, რომლის განხორციელება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაფართოება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. “სპუტნიკი” რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს “რია ნოვოსტის” ბაზაზე შეიქმნა და მისი გენერალური დირექტორი დიმიტრი კისილიოვია - პუტინის პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებული ლოიალობით გამორჩეული ჟურნალისტი.

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “სპუტნიკ”-ს რადიომაუწყებლობის საშუალება არ მისცა, “სპუტნიკმა” საკუთარი აქტივობა ინტერნეტსივრცეში გადაიტანა. Sputnik-georgia.ge-ს ვებ-გვერდზე ყოველდღიურად განახლებად ტექსტურ მასალებთან ერთად, ათავსებენ როგორც ვიდეო მასალას, ასევე რადიო-გადაცემებს. ამავე საიტზე პირდაპირ ეთერის რეჟიმში შეიძლება რუსულენოვანი რადიოს - “სპუტნიკ”-ის მოსმენა.

“სპუტნიკს” აქვს თავისი პრესცენტრი, რომელსაც რეგულარულად უთმობს პრორუსულ და ანტიდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისეთებს, როგორიცაა “ევრაზიული ინსტიტუტი”, “ევრაზიული არჩევანი” და სხვები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ.

გარდა “სპუტნიკისა”, რომელიც უშუალოდ კრემლის პროექტია და რუსული პროპაგანდის მთავარი საყრდენია პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველოში ამ მიმართულებით რამდენიმე ადგილობრივი ვებ-პორტალიც გამოირჩევა. ესენია: “საქინფორმი”, “საქართველო და მსოფლიო” და “ივერიონი” .

ეს მედია-საშუალებები საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის - “ევრაზიული ინსტიტუტის” მედია-პარტნიორები არიან. “ევრაზიულ ინსტიტუტს” თავის ვებ-გვერდზე დაფინანსების წყაროები მითითებული არ აქვს, თუმცა, ცნობილი რუსი იდეოლოგის - ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” მიუთითებს, რომ საქართველოში მისი პარტნიორი სწორედ “ევრაზიული ინსტიტუტია”.

“საქინფორმი”, “საქართველო და მსოფლიო” და “ივერიონი” ყოველდღიური ახალი ამბების გარდა, თავიანთ ვებ-გვერდებზე ანალიტიკურ მასალებსაც ანთავსებენ. აქ გამოთქმული ანალიტიკური თვალსაზრისები, როგორც წესი, რუსულ პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ მოსაზრებებსა და ამა თუ იმ საკითხზე (მაგ: უკრაინის მოვლენები, აგვისტოს ომი, რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელი დაპირისპირება) ოფიციალური მოსკოვის პოზიციას ემთხვევა. ინფორმაციის გავრცელებისას, ეს ვებ-გვერდები, ძირითადად, რუსულ წყაროებს ეყრდნობიან, და ხშირ შემთხვევაში, არც თუ ისე სანდოს. მაგალითად, 2014 წლის აპრილში საქინფორმმა რუსულ წყაროზე – politikus.ru დაყრდნობით, გამოაქვეყნა მასალა, თითქოს ევროკავშირი უკრაინაში, თურქული კომპანიის მონაწილეობით, პოლიტიკური პატიმრებისთვის საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებს. მასალას თან ერთვის ფოტოფაბრიკაცია, ერთი მხრივ, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ფოტო და მეორე მხრივ, თანამედროვე მშენებარე ტერიტორიების ფოტოები, რომლებიც წარმოდგენილია, როგორც ჟდანოვკის მომავალი ოსვენციმის ბანაკი. ამ საიტებს კვირის განმავლობაში 400-დან 4 ათასამდე უნიკალური მკითხველი ჰყავთ.

ბეჭდური მედია . ბეჭდური მედიიდან ანტიდასავლურ რიტორიკა ყველა ხშირი და აგრესიული გაზეთ „ასავალ-დასავალშია“. ამ მიმართლებით გამოირჩევა ასევე გაზეთი “ალია” და “კვირის ქრონიკა”. ასევე უფრო ნაკლებად პოპულარული გაზეთები - რუსულენოვანი გამოცემა “სვობოდნაია გრუზია” და გაზეთი Georgian Times-ი.

გაზეთი “ასავალ-დასავალი” ანტიდასავლური პუბლიკაციების გარდა ჰომოფობიური და ქსენოფობიური მასალებითაც გამოირჩევა. ანტიდასავლური პროპაგანდა ძირითადად გამოხატულია ამგვარი გზავნილებით: დასავლეთის მიერ საქართველოსათვის ჰომოსექსუალობის თავსმოხვევა, მართლმადიდებლობასთან ბრძოლა, ქართული სულიერებისა და ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა. “ასავალ-დასავალი” ასევე ცდილობს დასავლეთი უკრაინის მოვლენების ინსპირატორად წარმოაჩინოს. აქ ხშირად გამოითქმის მოსაზრება, რომ ნატოში ინტეგრაცია ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეს ქმნის; ევროპა და ამერიკა გადატრიალებებისა და ევრო-მაიდნის ინსპირატორადაა წარმოჩენილი.

 

“ასავალ-დასავალი” ყოველკვირეული გამოცემაა. მისი ტირაჟი სხვადასხვა მონაცემებით 10-დან 2-ათასამდე მერყეობს და იგი მეორე ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია საქართველოში.

ტელევიზია. ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ინფორმაციის მიღების (მათ შორის საერთაშორისო ამბების) მთავარი წყარო გამოკითხულთა 97 პროცენტისთვის ტელევიზიაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას მეინსტრიმული ქართული ტელეარხებიდან - “რუსთავი 2”, “იმედი”, საზოგადოებრივი მაუწყებელი, იღებს. 

რუსულ ტელეარხებთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს აქვს.

ქართული მეინსტრიმული მედიისთვის - ამუ იმ ტელეკომპანიებისთვის, რომლებსაც კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებს ანტიდასავლური პროპაგანდა დამახასიათებელი არ არის. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიშში ტელეკომპანია “იმედის” და ტელეკომპანია “მაესტროს” ცალკეული სიუჟეტები მოხვდა, რომლებიც ანტიდასავლურ მესიჯებს შეიცავდა.

ტელესივრცეში ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების მთავარი წყარო ტელეკომპანია “ობიექტივია”.



„მედია კავშირი - ობიექტივი“ ოფიციალურად 2010 წელს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შემდეგ (ის პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა) „ობიექტივიც“ ოფიციალურად დატოვა. არხს რამდენიმე ათეული წამყვანი ჰყავს, რომელიც სურვილისამებრ არჩევს თემას და ფორმატს. 

 


“ობიექტივის” ეთერში ანტიდასავლურ განწყობებს როგორც წამყვანები და მათი რესპონდენტები, ასევე სატელეფონო ჩართვების რეჟიმში, მაყურებლებიც გამოხატავდნენ. აღნიშნული ტელეკომპანია, ანტიდასავლური განწყობების გარდა, თურქოფობიისა და ისლამოფობიის გაღვივებით გამოირჩევა.



“ობიექტივის” რეიტინგის შესახებ მონაცემები არ არსებობს, რადგან იგი არ თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელიც საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს, თუმცა მისი დაფარვის ზონიდან გამომდინარე, მედიაექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ტელეკომპანიის პროდუქტს არც თუ მცირე აუდიტორია ჰყავს. 

ამ ტელეკომპანიის რეიტინგის ირიბ მაჩვენებლად, ისიც შეიძლება გამოდგეს, რომ “ობიექტივის” დამფუძნებელმა და წამყვანმა ირმა ინაშვილმა, რომელიც პოლიტიკაში წავიდა, თვითმართველობის ბოლო არჩევნებზე 2014 წელს საარჩევნო ბარიერის გადალახვა მოახერხა.

 

ამ ტელეკომპანიას საერთო მაუწყებლობის ლიცენზია აქვს და საკაბელოების მეშვეობით ვრცელდება. თბილისის გარდა, “ობიექტივს” საქართველოს თითქმის ყველა რეგიონებში უყურებენ, იგი ჩართულია ყველა საკაბელო არხის პაკეტში. ზოგ რეგიონში იგი ადგილობრივი ტელეკომპანიების საეთერო დროის გამოყენებით მაუწყებლობს. მაგალითად, აჭარაში “ობიექტივი” ადგილობრივი “25-ე არხის” საეთერო დროის 8 საათს ყიდულობს.

გარდა ამისა, “ობიექტივი” თავის გადაცემებს რადიოეთერითაც ავრცელებს - FM 105,1 პირდაპირი ეთერით გადაიცემა ყველაფერი ის, რაც ტელეეკრანებზე ხდება. “ობიექტივი” მწირი ტექნიკური რესურსით აღჭურვილი ტელევიზიია, სადაც ძირითადად წამყვანსა და მოწვეულ სტუმრებს შორის დიალოგი მიმდინარეობს. 

ტელეკომპანიას აქვს ვებ-გვერდი, სადაც ლაივ-რეჟიმშია შესაძლებელი გადაცემების ყურება. ინტერნეტის საშუალებით “ობიექტივს” ემიგრანტებიც უყურებენ.

“ობიექტივის” გარდა, არსებობს კიდევ საკაბელო ტელეკომპანია “დრო” და ინტერნეტ-ტელევიზია - “პატრიოტი TV”, რომლებიც შედარებით ნაკლებად პოპულარულები არიან, თუმცა ასევე ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან. 


შეჯამება: ზემოთჩამოთვლილ მედია-გამოცემებს მიზანმიმართული ანტიდასავლური ნარატივი აერთიანებთ. აქ თითქმის არასოდეს ისმის განსხვავებული მოსაზრება და არ ვრცელდება ალტერნატიული ინფორმაცია. რესპონდენტებიც მხოლოდ ისეთებია შერჩეული, რომლებიც ამა თუ იმ საკითხს ანტიდასავლური პრიზმიდან უყურებენ. 

ქვეყანაში, სადაც რუსულ არხებს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი უყურებს, გაიზარდა ქართულენოვანი მედიის რიცხვი, რომელიც ავრცელებს რუსული ტელევიზიების გზავნილებს. ბოლო კვლევების თანახმად, რომელიც “მედიის განვითარების ფონდმა” ჩაატარა, ანტიდასავლურ მედიაში დომინანტური თემებია: ჰომოსექსუალიზმი, პედოფილიის “ლეგალიზაცია” და ცხოვრების სხვა “უკუღმართი” წესი, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს. ზემოთჩამოთვლილი მედია-საშუალებები წარმოაჩენენ დასავლეთს, როგორც “მართლმადიდებლობასთან” და “ქართულ ტრადიციებთან მებრძოლს, ხოლო რუსეთს, როგორც “ერთმორწმუნეს” და “ქართველი ერისთვის უფრო მონათესავე ტრადიციების მატარებელს”.

კონკრეტულად რამდენი მომხმარებელი ჰყავს საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეულ მედია-საშუალებებს, ამის თქმა დანამდვილებით შეუძლებელია, რადგან სათანადო კვლევა არ ჩატარებულა. 

თუმცა, ბოლო ხანებში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევებიდან ირკვევა, რომ საქართველოში პრორუსული განწყობები არა დრამატულად, მაგრამ მაინც მატულობს. მაგალითად, კითხვაზე “საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში?” 2013 წელს 11 პროცენტი პასუხობდა დადებითად, 2015 წელს კი უკვე - 19.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში რუსულენოვან ტელევიზიებთან და მედიასთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს აქვს, სახეზეა არა პირდაპირი, არამედ ირიბი რუსული პროპაგანდა, რომელიც ქართულენოვანი მედია-საშუალებებით ხორციელდება და რომლის მთავარი ღერძი ანტიდასავლური რიტორიკაა.